logo
ENG



"არაფერი არ იყო დადგმული, მიდის ღია პროცესი" - სამუშია მოვალეობის შემსრულებლად არჩევაზე

20 ოქტ 202215:27
3 წუთის საკითხავი
 

ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პროცესი მართული არ ყოფილა. სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო და აკადემიურმა საბჭომ მას მხარი დაუჭირა. არჩევნები სტუდენტური პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

"პირიქით ვიტყოდი, ეს რომ იყოს დადგმული ფარსი, ალბათ, შეძლებდა გარკვეული, თუნდაც, მე ან ვინმე, რომ მეორე კანდიდატურა შემოეტანა. რომ არ იყო არაფერი დადგმული და მიდის ღია პროცესი, აქედანაც ჩანს და თუნდაც ის, რომ არის აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ამ ლეგიტიმაციით, რა თქმა უნდა ნათელი მაგალითია", - თქვა სამუშიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება იმას, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იყო, სამუშია ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სხვებმა განაცხადი რატომ არ შეიტანეს:

"ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი სხვამ რატომ არ შემოიტანა განაცხადი. ეს ცოტა უხერხული კითხვაა ჩემს მიმართ. ამ შემთხვევაში შევიტანე მე განაცხადი, სხვას ჰქონდა სხვა პოზიცია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის საუბარი მოვალეობის შემსრულებელზე. მოვალეობის შესრულების ფუნქცია გარკვეულწილად არის, მოამზადოს დიდი არჩევნები უნივერსიტეტში და შესაძლებელია ამანაც განაპირობა ის, რაზეც თქვენ ამ შემთხვევაში აკეთებთ აქცენტს", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რექტორობას, სამუშიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა: "მე ჯერ მოვალეობას ვასრულებ. დავნიშნავთ არჩევნებს და მერე ვნახოთ".

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სამუშია დღეს იმ სტუდენტებთან შეხვედრას აპირებს, რომლებიც მის არჩევას აპროტესტებდნენ.

"მინდა შევხვდე სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა. მათი გაცნობა მინდა და მინდა, რომ ამ ადამიანებს პირველად გავუწოდო ჩემგან მეგობრობის ხელი და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ, ჩვენი შემდგომი შეხვედრები იქნება ღია".

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ თანამდებობა დატოვა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შეიტანა განაცხადი. ჯაბა სამუშია საკრებულოს ყოფილი წევრია ქართული ოცნებიდან.

სამუშია აცხადებდა, რომ კვლავ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია და არანაირი განწყობა რექტორობასთან დაკავშირებით, არ აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ის დღეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის არჩევას აპროტესტებდნენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პროცესები გამჭვირვალე არაა და უნივერსიტეტში მათ საჭიროებებზე არავინ და არასდროს ზრუნავს. მათივე თქმით, შეუძლებელია ეს არჩევნები იყოს მათ ნებაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე. 


close დახურვა